აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის „სამშვიდობო შეთანხმებისთვის“ მკაცრი ვადები არსებობს და აღნიშნავს, რომ მთავარი მიზანი მკვლელობების შეჩერებაა და არა კალენდარული თარიღების დაცვა.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.
ჟურნალისტებმა პრეზიდენტს პირდაპირ ჰკითხეს, კვლავ ძალაში იყო თუ არა მადლიერების დღემდე (27 ნოემბერი) დადებული ვადა, რომლის შესახებაც მედიამ მოლაპარაკებების კონტექსტში ადრე გაავრცელა ინფორმაცია.
„მე არ მაქვს დედლაინი. ჩემთვის ვადა მაშინ მთავრდება, როდესაც ყველაფერი (ომი) დასრულდება. და ვფიქრობ, ამ ეტაპზე ყველა დაიღალა ბრძოლით. ისინი ძალიან ბევრ ადამიანს კარგავენ,“ - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე დასძინა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მომავალ კვირას მოსკოვს ეწვევა კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად.