უკრაინის დელეგაცია შეერთებულ შტატებთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე შეთანხმდა.
ამის შესახებ CBS News იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის მთავრობამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმაზე“ თანხმობა განაცხადა, თუმცა „უმნიშვნელო დეტალებზე“ შეთანხმება ჯერ კიდევ მისაღწევია.
„უკრაინელები დათანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებას. არსებობს რამდენიმე მცირე დეტალი, რომელიც გასარკვევია, მაგრამ ისინი დათანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებას“, – განუცხადა წყარომ ამერიკულ მედიას.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჟენევაში მოლაპარაკებებზე ტრამპის სამშვიდობო გეგმა 28-დან 19 პუნქტამდე შემცირდა.
ასევე, გამოცემის ცნობით, დღეს აშშ-ის არმიის მდივანი, დენ დრისკოლი აბუ-დაბიში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდა.