გერმანიის კანცლერო ფრიდრიხ მერცი რუსეთის „დიდ რვიანში“ დაბრუნებას გამორიცხავს, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული „სამშვიდობო გეგმის“ მე-13 პუნქტში (რუსეთი მიწვეული იქნება G8-ში ხელახლა გაწევრიანების მიზნით) შედიოდა.
მისივე თქმით, G8-ში რუსეთის დაბრუნების წინაპირობები არ არსებობს და შეერთებული შტატების გარდა ამის სურვილი არც არავის აქვს.
„ამ ეტაპზე, მე ვერ ვხედავ რაიმე მზაობას დიდი შვიდეულის ექვს ამჟამინდელ წევრს შორის, რომლებიც ამერიკას არ არიან, რომ რუსეთი ხელახლა მიიღონ ამ გაერთიანებაში“, - განაცხადა მერცმა კვირას, 23 ნოემბერს, პრესკონფერენციაზე, იოჰანესბურგში დიდი ოცეულის სამიტის დასრულების შემდეგ.
მერცმა აღნიშნა, რომ G8 ფორმატში დაბრუნებაზე შეთანხმება მხოლოდ კონსენსუსის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
იგივე მოსაზრება გამოთქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის „დიდ რვიანში“ ხელახლა მიღების წინაპირობები არ არსებობს.
რუსეთი „დიდი რვიანიდან“ 2014 წლის ივნისში ყირიმის ოკუპაციის საპასუხოდ გარიცხეს. იმ დროს „დიდი რვიანის“ სამიტი სოჭში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა დანარჩენი შვიდი ქვეყნის ლიდერებმა დასწრებაზე უარი თქვეს.
G7 ამჟამად შედგება შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, კანადისა და იაპონიისგან. „დიდი შვიდეული“ ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების კლუბს წარმოადგენს.