ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მომზადება დაიწყო. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა პარასკევს, 14 ნოემბერს, ბერლინში გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსთან და მის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ომებს ის აგებს, ვისაც პირველს ფული ან ჯარისკაცები გამოელია“, - აღნიშნა კალასმა.
მისი თქმით, აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება სანქციების გზით. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ დაწესებული აშშ-ის ბოლო შემზღუდავი ზომები ამ ზეწოლას აძლიერებს.
კალასის თქმით, სანქციები უფრო ეფექტურია, როდესაც ისინი კოორდინირებულია საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებთან.
კალასმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთს უკვე ართმევს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების რესურსებს.
ევროკავშირის შემდეგი სანქციების პაკეტი იქნება მეოცე მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში შეიარაღებული შეჭრა დაიწყო.
მეცხრამეტე პაკეტი ოქტომბერში ამოქმედდა და, ამერიკული შეზღუდვების მსგავსად, ძირითადად მიზნად ისახავს რუსეთის მიერ გაზისა და ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის შემცირებას.
მიღებული ზომების თანახმად, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრული აკრძალვა 2027 წელს ამოქმედდება - დაგეგმილზე ერთი წლით ადრე.
გარდა ამისა, დამატებითი შეზღუდვები დაწესდა ფინანსურ სექტორში, ვაჭრობასა და რუსი დიპლომატების ევროკავშირის ფარგლებში გადაადგილებაზე.
ბერლინში კალასს არ უსაუბრია მეოცე პაკეტის შესაძლო ზომების დეტალებზე. თუმცა, ბრიუსელის დიპლომატების თქმით, სანქციების სიაში ახალი რუსული ენერგეტიკული კომპანიებისა და რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების შეყვანის საკითხი განიხილება.