აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ ჩინეთი კაცობრიობის ისტორიაში სამხედრო ძალების ყველაზე სწრაფ გაძლიერებას ახორციელებს, მათ შორის ბირთვული არსენალის გაფართოებას.
ამის შესახებ რუბიომ კანადაში G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებთან საუბრისას რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპირება, განაახლოს ამერიკის ბირთვული შესაძლებლობები, მათ შორის, იარაღის მიწოდების სისტემების ტესტირება, სხვა ბირთვული ძალების ქმედებებზე რეაქციაა.
„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს სისტემები მუშაობს და საიმედოა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის ბირთვული პროგრამა არ წარმოადგენდა უშუალოდ განხილვის საგანს G7-ის მინისტერიალზე, თუმცა ჩინეთის სამხედრო პოტენციალის ზრდის საკითხი დიდი ხანია შეშფოთების საგანია შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის.
„ჩინელები კაცობრიობის ისტორიაში სამხედრო ძალების ყველაზე სწრაფ გაძლიერებას ახორციელებენ, - თქვა მან.
რუბიომ დასძინა, რომ ბირთვული შესაძლებლობების გაფართოება ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია.
„ცხადია, ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით და ვფიქრობ, ყველა შეშფოთებულია ამით“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.