„ქართულმა ოცნებამ“ როდესაც დემოკრატიული პროცესის გზით იდეა ვერ დაამარცხა, მოუწია რუსულ სტილში ბრუტალური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, სადაც პარტიებს პირდაპირ აკრძალავენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას სრულად აკონტროლებს და სარჩელზე ობიექტური მართლმსაჯულება ვერ დადგება.
„„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ 13 წლის განმავლობაში ებრძვის. ყოველ წელს ისინი ჰპირდებოდნენ თავიანთ ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის“ რადარებიდან გაქრობას. მათ ვერ მოკლეს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა, იდეა პატრიოტიზმის, წარმატებული ქართული სახელმწიფოს, ევროპული საქართველოს. ამიტომ ბუნებრივია, როდესაც არჩევნების გზით, დემოკრატიული პროცესის გზით ისინი ამ იდეას ვერ ამარცხებენ, მათ მოუწიათ რუსულ სტილში ბრუტალური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, სადაც პირდაპირ აკრძალავენ. უმრავლესობის დეპუტატები სარჩელს ხელს მოაწერენ და ყველამ ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არაფრის განმხილველი და ობიექტური მართლმსაჯულების დამდგენი არ არის. „ქართულმა ოცნებამ“ იმასაც კი მიაღწია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შემადგენლობას სრულად აკონტროლებენ, ორი მოსამართლის გარდა. ბუნებრივია, ამ პროცესს ისინი დაასრულებენ, ეს არის მათი რუსული დავალება, ეს ჯერ კიდევ 2024 წელს ივანიშვილმა დააანონსა, თუ არ ვცდები 29 აპრილს, როდესაც დიდი მიტინგი ჩაატარეს. ისინი შეეცდებიან, ეს პროცესი ბოლომდე მიიყვანონ, მაგრამ თავად ეს პროცესი აუცილებლად გასაჩივრდება ევროსასამართლოში. ევროსასამართლოს პრაქტიკა და არგუმენტები არის ცალსახად ჩვენს სასარგებლოდ, პარტიების გაუქმების საკმაოდ მაღალი სტანდარტი არსებობს ევროსასამართლოში, ამიტომ ეს პროცესი ასე არ დამთავრდება“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.