რუსეთი ნატო-ს გამოცდას აგრძელებს - ბალტიის ზღვაში რუსული თვითმფრინავის მონაწილეობით ახალი ინციდენტი მოხდა. მან სახიფათოდ დაბლა გადაუფრინა ალიანსის წევრი ქვეყნის სამხედრო ხომალდს.
გამოცემა Welt-ის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გერმანიის საზღვაო ძალების ფრეგატს გადაუფრინა.
მან ეს ინციდენტი პოლონეთისა და ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევებს შეადარა.
„პუტინს სურს ნატო-ს წევრი ქვეყნების პროვოცირება და მას სურს ნატო-ს ალიანსში სავარაუდო სისუსტეების იდენტიფიცირება, გამოაშკარავება და გამოყენება“, - თქვა პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პუტინა შეცდომა დაუშვა.
„ალიანსმა ნათლად და გადამწყვეტად უპასუხა რუსეთის პროვოკაციებს, მაგრამ ამავდროულად აჩვენა საჭირო წინდახედულობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დღეებში“, - დასძინა მან.
პისტორიუსის თქმით, არსებული საფრთხის გათვალისწინებით, ევროპამ საკუთარი თავდაცვისთვის უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მისი თქმით, ნატო უფრო ევროპული უნდა გახდეს.
„ბუნდესვერისთვის ეს ნიშნავს, რომ მისი რიცხვი დაახლოებით 460 000 ჯარისკაცამდე უნდა გაიზარდოს. ამას ახალი ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის მეშვეობით უნდა მივაღწიოთ. თუ საჭიროება არ დაკმაყოფილდება, სავალდებულო გაწვევაც შესაძლებელია ბუნდესტაგის თანხმობით“, - აღნიშნავს გამოცემა.