სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრ ლევან ხაბეიშვილთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავაც დააკავა.
ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა.
„ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მასთან ერთად დაკავებულია მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი, ზოდელავამ კი, აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანაშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე. მისი ქმედება სსკ-ის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადეს სუს-ში.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა.