უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა და რეგიონების პარტიის ყოფილმა ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირის მიერ მასზე დაწესებული სანქციების მოხსნასთან დაკავშირებული ათწლიანი სასამართლო დავა წააგო.
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს შემადგენელმა ევროკავშირის გენერალურმა სასამართლომ ოთხშაბათს, 10 სექტემბერს, 18-გვერდიანი გადაწყვეტილებით უარყო იანუკოვიჩის საჩივარი.
იანუკოვიჩი უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას 2010 წლიდან 2014 წლამდე იკავებდა და ევრომაიდანის მოვლენების შემდეგ რუსეთში გაიქცა. ის პირველად ევროკავშირის სანქციების ქვეშ 2014 წელს მოექცა, როდესაც მას ევროპის ქვეყნებში შესვლა აეკრძალა და ევროპაში მისი აქტივები გაიყინა.
2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეიარაღებული შეჭრის შემდეგ, შეზღუდვები გაფართოვდა.
თავის სარჩელში, სანქციების მოხსნის არგუმენტად, იანუკოვიჩი აცხადებდა, რომ სანქციების დაწესების დროს, უკრაინაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები არ იყო აღძრული და ბრიუსელს „კონკრეტული მტკიცებულებები არ ჰქონდა“.
მოსამართლეების განცხადებით, იანუკოვიჩის, როგორც პრეზიდენტის, ქმედებებმა „აშკარად შეუწყო ხელი ქვეყნის დესტაბილიზაციას და შესაბამისად, ამით სანქცირების იურიდიული საფუძველიც შეიქმნა. გარდა ამისა, მოსკოვში გაქცევის შემდეგ, იგი არასდროს დისტანცირებულა რუსეთის ხელისუფლებისგან.
გადაწყვეტილებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მონაწილეობდა ვოლოდიმირ ზელენსკის „დამხობის გეგმაში“ 2022 წლის მარტში.
მასზე დაწესებული სანქციები ასევე გასაჩივრებული ჰქონდა იანუკოვიჩის ვაჟს, ალექსანდრ იანუკოვიჩსაც. მას სანქციები დაწესებული ჰქონდა მისი საქმიანი კავშირების გამო ოკუპირებულ დონბასში. სასამართლომ მისი საჩივარიც უარყო.
პრეზიდენტობის დროს იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, რამაც კიევში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. მისი პრეზიდენტობა გამოირჩეოდა სახელმწიფო სახსრების მითვისებითა და კრემლთან დაახლოებით.
2014 წელს უსაფრთხოების ძალებსა და მომიტინგეებს შორის სისხლიანი შეტაკებების შემდეგ, რომლის დროსაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ის რუსეთში გაიქცა, სადაც დღემდე ცხოვრობს.
2019 წლის იანვარში უკრაინის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩს სახელმწიფო ღალატისა და აგრესიული ომის წარმოების ბრალდებებით დაუსწრებლად მიუსაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2025 წლის აპრილში კიევის პოდოლსკის რაიონულმა სასამართლომ იანუკოვიჩს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი დამნაშავედ ცნეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზებასა და დეზერტირების წაქეზებაში. მასთან ერთად გაასამართლეს უკრაინის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, კონსტანტინ კობზარი.