ჰელსინკის კომისიაში მოსმენაზე ინგლისურად კარგად მოლაპარაკე ორი ადამიანი შეარჩიეს, რომლებსაც შუბლზე ძარღვი არ აქვთ და რასაც ეტყვი, იმას ილაპარაკებენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„მსოფლიოში სახიფათო პროცესი მიმდინარეობს და ისეთი ცრუ დამსმენლები, როგორიც ზურაბიშვილი და ხიდაშელია, სწორედ იმისთვის არიან ჩასული, რომ ამ დაპირისპირების პროცესს მეტი საწვავი მიაწოდონ. ამას „მეგობარი აქტი“ არ ჰქვია. თურმე საქართველოში ამერიკული კომპანიები მოდიან და ჩვენ ინვესტიციაზე ვეუბნებით უარს. თურმე იმდენი ჩინური ინვესტიციაა შემოსული, რომ ეს პოლიტიკურად დაიპყრობს საქართველოს. ასეთი რეალობა არ არსებობს. თურმე საქართველოში საგარეო კურსი შეიცვალა მაშინ, როცა 2012 წლიდან ვერცერთ მაგალითს დამისახელებთ, სადაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იმოქმედა და რაიმე ღალატი ჩაიდინა თავისი მოკავშირეების მიმართ. ასეთი არ არსებობს. ინგლისურად კარგად მოლაპარაკე ორი ადამიანი შეარჩიეს, რომლებსაც შუბლზე ძარღვი არ აქვთ და რასაც ეტყვი, იმას ილაპარაკებენ. რაც შეეხება ჯო უილსონის საქართველოს და მისი ხელისუფლებისადმი დაპირისპირებას, ეს ცნობილი ფაქტია. არ არის გამორიცხული, ის პოლიტიკური ინტერესების ჯგუფს ლობირებდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიაში 10 სექტემბერს საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება, მოწმეებად მიწვეული არიან სალომე ზურაბიშვილი, თინათინ ხიდაშელი და ლუკ კოფი.