საფრანგეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა. საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 364 ხმით 194-ის წინააღმდეგ ფრანსუა ბაირუს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა.
ფრანსუა ბაირუმ მისი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი 25 აგვისტოს დააყენა. ბაირუს განცხადებით, მის მიერ აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა სახელმწიფო ვალის შესამცირებლად 2026 წლის ბიუჯეტში რადიკალური ცვლილებების შეტანის აუცილებლობამ გამოიწვია. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ფრანსუა ბაირუ ვერ ახერხებდა პოლიტიკური ოპონენტების დარწმუნებას, მხარი დაეჭირათ მისი 2026 წლის ბიუჯეტის გეგმისთვის. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ მას სურდა ქვეყნის რეალური მდგომარეობის შესახებ საჯარო განხილვა.
საფრანგეთი პოლიტიკურ კრიზისშია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოულოდნელად დაითხოვა ეროვნული ასამბლეა და 2024 წლის ივნისში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.