უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის მიერ ტერიტორიული დათმობები, რომლებზეც უკრაინელები ვერ დათანხმდებიან, მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ ვლადიმირ პუტინი დაკავებულ ტერიტორიებს ევროპაზე თავდასხმისთვის პლაცდარმად გამოიყენებს. ამის შესახებ ზელენსკიმ გამოცემა Le Point-თანინტერვიუში განაცხადა.
„ზოგიერთი მედიასაშუალება ამტკიცებს, რომ თუ უკრაინელი ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებს დატოვებენ, იქ მშვიდობა აღდგება. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. პუტინმა ყირიმი მიითვისა, რათა ის სამხრეთის ალყაში მოსაქცევ პლაცდარმად გამოეყენებინა.
2014 წელს მან ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთის ნაწილი დაიპყრო, რათა ის ამ რეგიონების სრული ოკუპაციისთვის პლაცდარმად გამოეყენებინა. თუ ხვალ რაიმე ფორმით დავტოვებთ დონბასს, რაც არ მოხდება, პუტინს დაუცველ სივრცეს გავუხსნით ხარკოვის გვერდით, მილიონნახევარი მოსახლეობით. ის ასევე დაიკავებდა დნიპროს სამრეწველო ცენტრს. ეს მისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენდა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ევროპელებმა სხვა მასშტაბით უნდა იფიქრონ და წარმოიდგინონ, რა მოხდებოდა, პუტინის მიერ მთელი უკრაინის მიტაცების თავდაპირველი გეგმის განხორციელება რომ წარმატებული ყოფილიყო.
„თუ პუტინი მთელი ჩვენი ქვეყნის ხელში ჩაგდებას მოახერხებდა, ის მას პლაცდარმად გამოიყენებდა. გააკეთებს თუ არა ის ამას, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ძლიერი გახდება ევროპა. თუ ევროპა ძლიერი იქნება, ის [პუტინი] სავარაუდოდ, ვერაფერს გააკეთებს, მაგრამ თუ სუსტი იქნება, რუსეთის ქმედებებისგან დაზარალდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ მოსკოვსა და პარიზს შორის მანძილი 3000 კილომეტრზე ნაკლებია.
„მაგრამ რაკეტებს, რომლებსაც რუსეთი დღეს უკრაინის წინააღმდეგ იყენებს, 2500 კილომეტრის მოქმედების რადიუსი აქვთ. ჩვენ თვითონ გვაქვს რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 3000 კილომეტრია. ომი ტექნოლოგიურ განვითარებას ასტიმულირებს როგორც ევროპაში, ასევე რუსეთში. ასეთი ტექნოლოგიური განვითარებით, დისტანციური ომები აღარ შეიძლება იყოს. დამიჯერეთ, ორ წელიწადში რუსებს ბევრი რაკეტა ექნებათ - და ჩვენც - 5000 კილომეტრის მანძილზე მოქმედი [რაკეტები]. ზღვა არავის დაიცავს, ოკეანე არავის დაიცავს.
ამ მხრივ, იარაღი, რომელსაც რუსეთი დღეს იყენებს, დიდად არ განსხვავდება ბირთვული მიწოდების სისტემებისგან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის ბედი განსაზღვრავს, თუ რამდენად შეეხება ომი ევროპას და სად იქნება მისი აღმოსავლეთ საზღვარი.
„თუ უკრაინა ვერ გაუძლებს, ეს საზღვარი პოლონეთი ან თუნდაც გერმანია იქნება. ევროპა ოდესღაც ასე იყო გაყოფილი. დასავლეთ გერმანიის აღმოსავლეთ საზღვარი დასავლური სამყაროს საზღვარი იყო. დღეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად მივცემთ თავისუფლებას რუსეთის ამბიციებს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში შესაძლებელია სამხრეთ კორეის სცენარის რეალიზება, როდესაც კორეის ომის დასრულების შემდეგ არც ერთი რეალური სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, მაგრამ ქვეყანამ შეძლო კეთილდღეობის მიღწევა.