მიხეილ სააკაშვილი და რეჟიმის სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს, უზრუნველყოფდნენ მათ პრივილეგიებით და უფლებააყრილ მდგომარეობაში ამყოფებდნენ მოკლულთა მშობლებს, ოჯახის წევრებს, – ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარლამენტში წარადგინა.
დასკვნის მიხედვით, ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების სტატისტიკური მონაცემები ნათლად აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში: საერთო ჯამში, 1999 წლიდან დღემდე, ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ დარღვევა დადგენილია 284 საქმეზე, რომელთაგან, 80% (227 საქმე) ეხება 2004-2012 წლებში მომხდარ ფაქტებს. აღნიშნული 227 საქმის ფარგლებში, ყველაზე ხშირად დადგენილია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარღვია ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლი (წამების და არადამიანური მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება და საკუთრების დაცვა).
„2025 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დარღვეული უფლებების გამო, ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს სახელმწიფოს მომჩივნების სასარგებლოდ დაეკისრა, ჯამში, დაახლოებით ორი მილიონი ევროს გადახდა, როგორც მატერიალური და მორალური ზიანის კომპენსაციის, ისე ხარჯების ანაზღაურების მიზნით.
წინამდებარე დასკვნაში აღწერილ საზარელი წამებისა და მკვლელობის არაერთ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მსხვერპლად ქცეულ, განსხვავებული აზრის ადამიანებს „ჯაშუშობას“, „რუსეთის აგენტობასა“ და „სამშობლოს ღალატს“ უსაფუძვლოდ აბრალებდა, რაც დღესაც ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების უცვლელ ხელწერად რჩება.
ზოგიერთ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლები შემთხვევითობის პრინციპით, ეგრეთ წოდებული ლატარეის პრინციპით ირჩევდნენ ნებისმიერ პირს მსხვერპლად ადამიანზე ძალადობის წყურვილის დაკმაყოფილების მიზნით“, – ნათქვამია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.