"რაც უფრო დაიძლევა "დიფ სთეითი", მით უფრო გამოსწორდება ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა, - ეს არის ჩვენი გადმოსახედიდან მთავარი ტესტი," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" მზადაა, აშშ-სთან ღია ურთიერთობებისათვის და ღია წერილებიც სწორედ ამის დასტურია.
"ვფიქრობთ, რომ მათ, ვისაც აქვთ კეთილსინდისიერი მიზნები საქართველოსთან დაკავშირებით, არაფერი არ უშლით ხელს, რომ ეს შემხვედრი ნაბიჯები დავინახოთ. მანამდე იყო პრემიერის ღია წერილი, პრეზიდენტის ღია წერილი, რომელიც, ჩემი შეფასებით, ემსახურება სწორედ იმას, რომ ღია ურთიერთობებისთვის ვართ მზად. გვინდა, ღია, გასაგები ურთიერთობები, რომელიც დაფუძნებულია ორივე ხალხების ინტერესების აღიარებაზე და სწორედ ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ დეკლარირებულად ახალი ადმინისტრაციის განცხადებებით, მათ შორის, სახელმწიფო მდივნის განცხადებაც ეხებოდა ამ საკითხს, რომ ამერიკა აღიარებს სხვა ქვეყნების ინტერესებს და აქედან ამოდის.
ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესი, მაგრამ დიპლომატიის ფუნქცია არის ის, რომ ეს ინტერესები სადაც თანხვედრაშია, გამოიყენოს შესაძლებლობა და თანხვედრაში მოიყვანოს, სადაც ეს ინტერესები არ ემთხვევა, თავიდან აიცილოს კონფლიქტები. აქაც, მნიშვნელოვანი სიგნალი იყო ის, რომ მოხდა საჯაროდ გაცხადება იმისა, რომ სხვა ქვეყნების, მათ შორის, პატარა ქვეყნების ინტერესების აღიარებაც იქნება. ის, რომ ჩვენი ინტერესია მშვიდობა, მაგალითად, წინა ადმინისტრაციაში ეს არ იყო ნათელი.
რაც უფრო დაიძლევა "დიფ სთეითი", მით უფრო გამოსწორდება ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა, - ეს არის ჩვენი გადმოსახედიდან მთავარი ტესტი. ასე რომ, ვნახოთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.