პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები გამოკითხვაზე არიან დაბარებული.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გასარკვევად, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებული არიან ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ასევე ცალკეული ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნული გარემოებები და სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საფუძვლად დაედო 12 იურიდიული პირის – ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, რითიც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ პროკურატურამ 27 აგვისტოს გაავრცელა განცხადება. საუბარია გამოძიებაზე, რომელიც ეხება საბოტაჟს, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას. კერძოდ, დაყადაღებულია შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „დემოკრატიის მცველები“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საფარი“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.