საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას განცხადებით, შეიარაღებული ძალების რეფორმირება წარმატებულად მიმდინარეობს. ამის შესახებ ახალაიამ ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ბათუმში მიმდინარე კონფერენციის პირველი დღის დასრულების შემდეგ განუცხადა და განმარტა, რომ გატარებულ რეფორმებს წარმატებულად შეერთებული შტატები და ნატოს წევრი სახელმწიფოები აფასებენ.
"კმაყოფლი ვარ ამ კონფერენციით, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი პარტნიორები _ როგორც ნატო, ისე ამერიკის შეერთებული შტატები _ ცალსახად მხარს უჭერს ჩვენი შეიარაღებული ძალების რეფორმირების იმ კურსს, რომელიც საქართველოს აქვს. როგორც გამოჩნდა, აქამდე ეს რეფორმები წარმატებულად მიმდინარეობდა", - განმარტა ახალაიამ.
შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს ბათუმში, თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია გაიხსნა, რომელიც 3 თებერვალს დაიხურება. კონფერენცია საქართველოს ვიცე-პრემიერმინისტრმა გიორგი ბარამიძემ გახსნა. მასზე ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციასა და ავღანეთში მიმდინარე ნატოს ოპერაციაზე იმსჯელეს.