აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კოალიცია "ლელო-ძლიერი საქართველოს" ოფიციალური საბანკო ანგარიში დააყადაღა, - ამის შესახებ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კუპრაძის განცხადებით, ეს არის "ქართული ოცნების" მცდელობა, ხელი შეუშალოს პარტიის წინააღმედგობასა და ბრძოლას.
"ჩვენ მოგვივიდა დღეს წერილი, სადაც გვატყობინებს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომ კოალიცია "ლელო-ძლიერი საქართველოს" ოფიციალური საბანკო ანგარიში არის დაყადაღებული. ეს არის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს ბრძოლას და წინააღმდეგობას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რომ პასუხი გავცდეთ ივანიშვილის ძალადობრივ, რუსულ რეჟიმს. მიუხედავად იმისა, დააყადაღებენ თუ არა პარტიის და კოალიციის ანგარიშს, მიუხედავად იმისა, პროპაგანდას აწარმოებენ თუ არა ჩვენი კოალიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ჩვენ ეს სასაცილოდაც არ გვყოფნის, იმიტომ, რომ ეს არის „ქართული ოცნების" სიშლეგის გამოვლინება. მათ ეშინიათ საკუთარი სისუსტის, სადაც ჩვენ შეგვიძლია ისინი დავამარცხოთ, მოვუგოთ ამ ბრძოლაში და გამოიგონეს ასეთი სასაცილო მექანიზმები", - განაცხადა კუპრაძემ.