ქართველი სამხედროები პრაქტიკულ სწავლებას პოლონეთში გაივლიან. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ბოგდან კლიხმა ქართველ კოლეგა ბაჩო ახალიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში განაცხადა.
"დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ქართველი სამხედროების პოლონეთში მომზადებაზე ვისაუბრეთ. ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ გასულ საუკუნეში არსებული ტრადიცია, როდესაც ქართველები პრაქტიკულ სწავლებას ჩვენთან გადიოდნენ", - განაცხადა ბოგდან კლიხმა.
მისივე განმარტებით, პოლონეთი და საქართველო შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის საკითხზეც ერთობლივად აპირებენ მუშაობას.
პოლონელი სტუმრისა და ბაჩო ახალაიას შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, ერთ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროში სტუმრობის შემდეგ პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგასთან ერთად გმირთა მოედანზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
შეგახსენებთ, რომ ბოგდან კლიხი თბილისში გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს.
პოლონელი სტუმარი თბილისს დღეს დატოვებს.