ENG / RUS       12+

თამრიკო ჩხეიძე: თუნდაც უსისხლო გადატრიალებით ხელისუფლებაში მოსვლა, ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა

რესპოდენტის შესახებ

თბილისში აქციები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მუდამ იმართებოდა, სხვა და სხვა მოთხოვნით, სხვა და სხვა პოლიტიკური შეხედულებით. თუმცა, ზუსტად ოცი წლის წინ ხალხის ფართომასშტაბიანმა პროტესტმა საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა. თბილისში აქციები დღესაც მიმდინარეობს, თავისი რეკორდული ხანგრძლივობის მაჩვენებლით, თუმცა მხოლოდ პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით. 1991 წელს კონსტიტუციის მიღებიდან, ერთ წელში ოპოზიციამ ზვიად გამსახურდიას გადაყენება მოითხოვა, რასაც თბილისში სამოქალაქო ომის დაწყება მოჰყვა... დღეს, ხელისუფლება ოპოზიციის მიტინგებსა და 90-იან წლებთან აქტიურ პარალელებს ავლებს. ამ და სხვა საკითხზე "ჯი-ეიჩ-ენი" 90-იან წლების მოვლენების ერთ-ერთ აქტიურ მონაწილეს, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარეს თამრიკო ჩხეიძეს ესაუბრა.
_ ქალბატონო თამრიკო, ხელისუფლება დღეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარალელს ავლებს 90-ან წლებთან. ხედავთ თუ არა რაიმე საერთოს დღევანდელ ვითარებასა და გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში განვითარებულ მოვლენებთან?

_ დღეს ბევრი პოსტსაბჭოთა ნიშნები შეინიშნება, რის საფუძველზეც შეგვიძლია პარალელის გავლენა 90-ან წლებსა და დღევანდელ სიტუაციასთან. თუმცა კარგია, რომ ჯარი არ არის გამოყენებული. მართალია იყო რაღაცა მცდელობა, მუხროვანის ამბოხს თუ ჩავთვლით, თუმცა დღეს ეს მომენტიც გამორიცხულია. ახლა, ისე როგორც პოსტსაბჭოთა საქართველოს დროს, ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც უკუღმად წარმართავს პროცესებს.

_ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია თავის დროზე არ დაეთანხმა ოპოზიციის მოთხოვნებს გადადგომის შესახებ, რამაც ქვეყანაში ცნობილი მოვლენები და სამოქალაქო ომი გამოიწვია. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოიქცეს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აგრეთვე კატეგორიულ უარს ამბობს ხელისუფლებიდან წასვლაზე?

_ 90-იან წლებში მართალია მე ოპოზიციას წარმოვედგენდი, თუმცა როგორც ადრე, ასევე დღესაც წინააღმდეგი ვარ ხელისუფლების ძალით შეცვლისა. ახლაც კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები თუ ძალადობრივი საშუალებით მოხდება მთავრობის შეცვლა. აგრეთვე, ჩემთვის მიუღებელია ყველა ის საშუალება, რომელიც არჩევნების გარეშე შედგება. ქუჩის აქციებით, თუნდაც უსისხლო გადატრიალებით ხელისუფლებაში მოსვლა, ძალიან საზიანოა ზოგადად ქვეყნისთვის. ვისაც მართლა კარგი უნდა საქართველოსთვის, მხოლოდ დემოკრატიული საშუალებებით და არჩევნებით უნდა იბრძოდეს.

_ ერთ მხარეს დგას ხელისუფლება, მეორე მხარეს კი _ ხალხის გარკვეული ნაწილი, რომელიც აცხადებს, რომ სააკაშვილს ყველაფერს აპატიებდა, გარდა აგვისტოს მოვლენებისა. თქვენი აზრით, რამდენად ლეგიტიმურია ხალხის მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით?

_ ხელისუფლება, რომელიც ომს აგებს და ამის შედეგად ტერიტორიებს კარგავს, ნორმალურ საზოგადოებაში, ეს არ უნდა შერჩეს. თუმცა დღევანდელი საპროტესტო გამოსვლები არა მგონია რომ აგვისტოს მოვლენების გამოძახილი იყოს. ჯერ ერთი, დრო გვაშორებს და მეორეც, არასწორადაა დასმული პრეტენზიები. ერთია, რომ პრეზიდენტმა დათმო ტერიტორიები, მაგრამ ეს საკითხი ანტირუსული პოზიციიდან უნდა იყოს დაყენებული და არა კონფლიქტის დაწყებაში ბრალდების მხრიდან. ომის დაწყება მხოლოდ რუსეთს შეეძლო, უბრალოდ საქართველოს მთავრობის ბრალია, ამ ომისთვის ხელის შეწყობა. ამიტომ, მე არ ვფიქრობ, რომ დღევანდელი მოვლენები დაკავშირებულია აგვისტოს ომთან, წესით კი უნდა იყოს ასე, მაგრამ სურათი სხვაგვარია.

_ და მაინც როგორი?

_ საერთოდ, როცა იწყება აქციები, არა მგონია, რომ მხოლოდ ერთი, გადადგომის საკითხი უნდა დააყენო დღის წესრიგში. მას რაღაც პოზიტიური მოთხოვნაც უნდა გააჩნდეს. რადგან, პრეზიდენტის გადადგომა უნდა იყოს მხოლოდ საშუალება. ხოლო, კონკრეტული მოთხოვნები, დემოკრატიზაციის შესახებ და სხვ. არავის წამოუყენებია. სააკაშვილს არაფერი ემჩნევა გადადგომის, ამიტომ ოპოზიციას უნდა გააჩნდეს პოზიტიური მოთხოვნებიც, რათა ამით დასავლეთის ყურადღება მიიპყროს.

_ როგორც ჩანს, ეს საპროტესტო მუხტი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას ანგარიში გაუწიოს. თქვენი აზრით, მუხტის ნაკლებობა ამ მოძრაობის ერთი კანდიდატის არარსებობით ხომ არ არის გამოწვეული, ან არასწორი მოთხოვნების დაყენებით?

_ ოპოზიცია, რომ არა ანგარიშგასაწევ ძალად აღიქმება, რასაკვირველია, თავიდანვე არასწორი დაგეგმარებით არის გამოწვეული. სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატიული არჩევნები და სხვ. ოპოზიციას ერთობა უნდა ჰქონოდა და წარმმართველი ამ აქციებისა უნდა ყოფილიყო ეს მიზანი. ამა თუ იმ ხელისუფლების წასვლა-მოსვლა მეორე ხარისხოვნად უნდა ჩავთვალოთ. მთავარი კი ამ პოზიტიური მოთხოვნების განხორციელება უნდა გახდეს. ძალიან შეშფოთებული ვიყავი, როდესაც აქციის ორგანიზატორებმა ხალხს მოლაპარაკებებზე წასვლა სატანურობასთან გაუიგივეს. არ შეიძლება გარიგება, თუმცა მოლაპარაკება აუცილებელია. ოპოზიციას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქციები აღმავლობის პიკზე იყო, კონკრეტული მოთხოვნები უნდა დაეყენებინა. თუმცა, მათ კატეგორიული უარი განაცხადეს რაიმე სახის მოწოდებაზე, გარდა პრეზიდენტის გადადგომისა, რითაც დემოკრატიული საზოგადოების ყურადღება და მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. სამწუხაროა, რომ დღეს პიკეტმა უკვე ბოლშევიკური სახე მიიღო. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია გზების გადაკეტვა, ჟურნალისტებზე ზეწოლა და სხვ. ზოგჯერ ეს აქციები უფრო მოსახლეობის წინააღმდეგა მიმართული, ვიდრე ხელისუფლების.

_ პირადად თქვენ თუ მონაწილეობთ საპროტესტო აქციებში და თუ უერთდებით მათ მოთხოვნებს?

_ ზოგადად ეს ხელისუფლება მოსვლისთანავე და მანამდეც, მიუღებლად იყო ჩემთვის. ასეთი მთავრობა რომ არ უნდა ჰყავდეს საქართველოს, ვუერთდები ყველას. პირველ დღეებში, რამდენჯერმე მივედი აქციაზე, მაგრამ ის ფორმა, რომელიც მან დღეს მიიღო, ჩემი აზრით, მხოლოდ ხელისუფლების სასიკეთოა და მხოლოდ სააკაშვილს, რუსეთს აწყობს. ამ სახით აქციების გამართვა ჩემთვის მიუღებელია.

_ ხელისუფლება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს დემოკრატიის არსებობად აფასებს, ოპოზიცია კი პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობს. თქვენი აზრით, ქვეყანაში მართლაც არსებობს პოლიტიკური დისბალანსი?

_ ქვეყანაში კრიზისი სახეზე გავქს. მაგრამ, ამ შემთხვევაში არაადეკვატურად იქცევა არა მარტო ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც.

_ თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ და რა ოპოზიციამ, სიტუაციის სტაბილიზაციისთვის და წინა წლების სცენარის არ განხორციელებისთვის?

_ ხელისუფლება ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ არ იქნას ძალის გამოყენება მშვიდობიან მომინტიგეების წინააღმდეგ. ასევე, მან უნდა გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, იზრუნოს დემოკრატიული რეფორმებისთვის და სხვა. რაც შეეხება ოპოზიციას, მას ადრე უფრო დიდი შანსი ქონდა ქვეყანაში რაიმე რეალურის გაკეთებისა. ამიტომ, ახლა უფრო შესუსტებული პოზიციიდან მოუწევს ბრძოლა პოზიტიური დათმობების მისაღებად. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ოპოზიციამ დაიწყოს რაიმე უკანონო ქმედებაზე ფიქრი. ეს იქნება დამღუპველი ქვეყნისთვის და არა სააკაშვილისთვის.

_ და ბოლოს, კონკრეტულად რა მდგომარეობაც დღესაა შექმნილი, გამორიცხავთ თუ არა რაიმე სახის სამოქალაქო დაპირისპირების დაწყებას?

_ გამორიცხული არაფერია. სამოქალაქო დაპირისპირება და ზოგადად ასე გაგრძელება, ძალიან აწყობს რუსეთს. მას უამრავი ბერკეტი გააჩნია ამისთვის, რადგან ერთი მხარე მაინც რომ იყოს საიმედო, ან ხელისუფლება, ან ოპოზიცია, მაშინ რუსეთს ნაკლები საშუალება ექნებოდა ქვეყანაში არეულობის გამოსაწვევად.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა გიორგი რაზმაძე

 

ავტორი: . .