უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით ამერიკელები და ევროპელები აჩვენებენ თავიანთ ერთგულებას სამხედრო მოქმედებების გაგრძელების მიმართ. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა.
“არ არსებობდა საბოლოო ინფორმაცია იმის შესახებ, დასრულდა თუ შეჩერდა [ამერიკული იარაღის] მიწოდება უკრაინაში - ბევრი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გაკეთდა.
აშკარაა, რომ [უკრაინისთვის იარაღის] მიწოდება გრძელდება და აშკარაა, რომ ევროპელებიც აქტიურად მონაწილეობენ უკრაინის იარაღით მომარაგებაში. ეს ქმედებები, პირიქით, არ შეესაბამება მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის მცდელობებს.
ამ შემთხვევაში, ევროპელების მიერ არჩეული ხაზი სწორედ საომარი მოქმედებების გაგრძელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. რაც შეეხება იმას, თუ რა მარაგები და რა რაოდენობით [იარაღი] მიეწოდება აშშ-დან უკრაინას, ამის ერთხელ და სამუდამოდ გარკვევას დრო დასჭირდება. ამ დროისთვის ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება,“ - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრზეიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს განაცხადა: „ჩვენ მეტ იარაღს გავუგზავნით. ამის გაკეთება მოგვიწევს. მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა. ახლა მათ ძალიან მძიმედ უტევენ. ჩვენ იძულებული ვიქნებით, მეტი იარაღი გავგზავნოთ. ეს, პირველ რიგში, თავდაცვითი იარაღია, მაგრამ მას საკმაოდ ძლიერი ეფექტი აქვს".
ამის შემდეგ პენტაგონის პრესსპიკელიმ, შონ პარნელიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მითითებით თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინაში აგზავნის დამატებით იარაღს, რათა უკრაინელებმა თავის დაცვა შეძლონ, ვიდრე აშშ მუშაობს მყარი მშვიდობის დასამყარებლად და მკვლელობების შესაწყვეტად.