დღეს, 1-ელ თებერვალს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო შტაბის გენერალური დირექტორი, გენერალ-ლეიტენანტი იურგენ ბორნემანი ჩამოდის.
როორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, იურგენ ბორნემანი შეხვედრებს გამართავს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან რუსუდან კერვალიშვილთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფორსთან, გენერალ-მაიორ დევი ჭანკოტაძესთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან.
ვიზიტის ფარგლებში გენერალ-ლეიტენანტი კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს დაათვალიერებს. იურგენ ბორნემანი 2-3 თებერვალს ბათუმში დაგეგმილ საქართველოს თავდაცვის კონფერენციას დაესწრება.
2-3 თებერვალს ბათუმში თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით "საქართველოს თავდაცვის კონფერენცია" გაიმართება. მონაწილეები ორი დღის განმავლობაში გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ. კონფერენციაზე ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციას და ავღანეთში მიმდინარე ნატოს ოპერაციას განიხილავენ. კონფერენციის მონაწილეები საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების, რეზერვის სისტემის და თავდაცვის სფეროს გამჭვირვალობის შესახებაც ისაუბრებენ.
კონფერენციას ნატოს შტაბბინის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.