გამოძიება უკავშირდება ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტული პირის საქმიანობას. რაც შეეხება დავითაშვილს, მის კეთილსინდისიერებაში არავის ეპარება ეჭვი, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
კერძოდ, აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, გამოიკითხა თუ არა აღნიშნულ საქმეზე ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, რომლებიც სხვადასხვა დროს მისი ხელმძღვანელები იყვნენ.
„არ ვიცი, რა შუაშია კახა კალაძე? „თბილსერვისში“ კი ბატონო. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება უკავშირდება ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტული პირის საქმიანობას. რაც შეეხება დავითაშვილს, მის კეთილსინდისიერებაში არავის ეპარება ეჭვი“, - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა რჩება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.
„მე ვერ შევალ კონკრეტული საქმის დეტალებში. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლა რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად, ამბიციური მიზანი გვაქვს გაცხადებული, გვინდა ევროპის სამეულში შევიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამ კუთხით, ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა მთავრობაში, ხელისუფლებაში. ყველაფერი გაკეთდება, რომ მაქსიმალურად ვებრძოლოთ კორუფციას. კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას. ეს უნდა დარჩეს უმთავრეს პრიორიტეტად“, - აღნიშნა პრემიერმა.
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომაზე მიქაუტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. ადვოკატის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.