საქართველოსა და უნგრეთს მსგავსი გამოწვევები აქვთ და ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, საქართველო კი, ყოველთვის იდგება იქ, სადაც არის უნგრელი ხალხის ინტერესები, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრელ კოლეგას ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გეგმაა, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი - 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ, უკვე 2028 წლისთვის, დაგეგმილი გვაქვს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 %-ის შესრულება, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 %-ის შესრულება და ამ კუთხითაც, თუნდაც საექსპერტო თანამშრომლობა, ნებისმიერი მიმართულებით თქვენი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ძალიან მსგავსი გამოწვევები და ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და საქართველო, რა თქმა უნდა, ყოველთვის იდგება იქ, სადაც არის უნგრელი ხალხის ინტერესები. ჩვენ ვგრძნობთ ვალდებულებას იმისა, რომ დაგიბრუნოთ სათანადო პასუხი იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ვგრძნობთ და ვიღებთ თქვენი მხრიდან. ქართველი ხალხი აფასებს პირადად თქვენს მხარდაჭერას, ბატონო პრემიერ-მინისტრო და უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ჩვენი პარტნიორობის დღევანდელი მდგომარეობა ქმნის ძალიან კარგ საფუძველს, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, დინამიკაც არის დადებითი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ორმხირივი თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის,“- განაცხადა პრემიერმა.