დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ რობინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ მას არ მიეცა ამის საშუალება, სწორედ „დიფ სთეითის“ გავლენის გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"აშშ-იდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან მილოცვა გავრცელდა ადრესატის გარეშე. ასევე ელჩი არ ესწრებოდა ღონისძიებას. საბაბი იყო ის, რომ ის არ იყო თბილისში, შემდეგ საჯაროდ განაცხადეს, რომ საქართველოშიც არ იყო. რა თქმა უნდა, ეს არის არასწორი მიდგომა. ვხედავთ, რომ იგივე აშშ-ში მიმდინარეობს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. ამ შემთხვევაში აშკარად გამოჩნდა, რომ იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზით პირდაპირ დომინირებული მდგომარეობა ჰქონდა „დიფ სთეითს“ და ამას უკავშირდება ის აქტები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არის ბიუროკრატიაში ჩაბუდებული სისტემა და ბრძოლა მიმდინარეობს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ რობინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ მას არ მიეცა ამის საშუალება, სწორედ „დიფ სთეითის“ გავლენის გამო. განცხადებაზეც, რომელიც გავრცელდა, აშკარად ჩანს, პირდაპირ იგრძნობა „დიფ სთეითის“ გავლენა. ეს არის დღევანდელი რეალობა. ასეთ მილოცვას ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს. რაც შეეხება ტრამპის ადმინისტრაციას, ვიტოვებ იმედს, რომ „დიფ სთეითზე“ გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. “, - განაცხადა პრემიერმა.