თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქეთში მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, ეს იმის დადასტურება იქნება, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს, ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ თუ ვლადიმირ პუტინი უარს იტყვის თურქეთში ჩასვლაზე, ეს იქნება საბოლოო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს არ სურს ამ ომის დასრულება, რომ რუსეთს არ სურს და არ არის მზად რაიმე მოლაპარაკებებისთვის,“ - აღნიშნა ერმაკმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის რუსეთს არანაირი პასუხი არ გაუცია პუტინის თურქეთში მოლაპარაკებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამავდროულად, კიევმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა და თურქეთში იქნება.
ერმაკმა აღნიშნა, რომ 12 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გააკეთა „ძალიან ძლიერი და მკაფიო“ განცხადება, რომ ის ორივე ლიდერის თურქეთში ყოფნას ელოდება.
ერმაკი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, აშშ-სა და მთელი მსოფლიოს მხრიდან მკაცრი რეაქცია უნდა მოჰყვეს. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები უნდა დაწესდეს და უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაიზრდოს.