როგორც იქნა, სამართალი აღდგა და მთავარი სამართალი იქნება ის, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ხელისუფლება გასამართლდეს, როგორც მართლა რეჟიმი, ტერორისტული რეჟიმი, რომელიც ატერორებდა საკუთარ მოსახლეობას, - ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, სოზარ სუბარმა „ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმესთან“ დაკავშირებით განაცხადა.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილება 2006 წლის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე, რა დროსაც 3 ახალგაზრდა დაიღუპა. სოზარ სუბარმა სპეცოპერაციას „ტერორისტული აქტი“ უწოდა.
„ეს იყო ჩვეულებრივი ტერორისტული აქტი, რომელიც ჩაიდინა ხელისუფლებამ. ეს რომ ყოფილიყო ერთჯერადი ტერორისტული აქტი, მაშინ ვიტყოდით, რომ გამონაკლისი იყო,მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი ხელწერა იმ ხელისუფლების, რომელზეც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის იყო ტერორისტი ხელისუფლება,რომელსაც ჰყავდა ტერორისტული ჯგუფები. მაშინ, ჩემს ერთ-ერთ განცხადებაში გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ვთქვი, რომ „სიკვდილის ბრიგადები ჰყავდათ“ და მართლა ასე იყო. ზუსტად ეს ადამიანები მონაწილეობდნენ სხვა საქმეებშიც, მაგალითად, „მასტერა“ იგივე გიორგი დგებუაძე. ეს არის ადამიანი, რომელიც მონაწილეობს პაატა ქარდავას მოტაცებაში, დახვრეტასა და ზღვაში გაქრობაში. დავით ცინდელიანის მოტაცებაში, დახვრეტასა და ზღვაში ჩაგდებაში, როინ შავაძის მოტაცებაში და მის დახვრეტაში. მგონი 32 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და ეს სამი ბიჭი, რომელთა შორის ერთ-ერთი თქვენი ბიჭია. ეს იყო ადამიანი,რომელიც გეგმავდა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას. ეს რომ არ არის ჰაერზე ნათქვამი, ამის ჩანაწერები არის. ვისაც უკვეთდა, უვაის ახმადოვს, იმან ჩაიწერა ყველაფერი, როგორ უკვეთდა გიორგი დგებუაძე იგივე „მასტერა“ პატარკაციშვილის მკვლელობას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
დღევანდელ სხდომაზე მიწვეულია ერთ-ერთი დაღუპულის, მარად ართმელაძის მამა, მიხეილ ართმელაძე.
მისი თქმით, სპეცოპერაციისას მისი შვილი და სხვა ახალგაზრდები მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსანმა, კუდი-ს ხელმძღვანელმა, დათა ახალაიამ თავის თანამშრომლებთან ერთად მოკლა.
„ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი გაშიფრავს, მე რას ვამბობ. ჩემი ოჯახის თამადობით, რამდენი უდანაშაულო ოჯახი გააპარტახეს. მე განადგურებული ოჯახი ვარ. ჩემი შვილი სწავლობდა სამედიცინოზე, დღეს ექიმი იქნებოდა. ნუთუ ჩემი შვილი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ოჯახს სიკეთეს არ მოუტანდა? ახლა ჩემმა 23 წლის შვილმა 54 წლის დედა შეიწირა, ჩემი მეუღლე შეიწირა, დასაფლავებულია. ამიტომ იმ ჯალათებმა ჩემს შვილს ჩემს ოჯახში მოატანინეს ორმაგი ტრაგედია, ორმაგი ტკივილი, სიკეთის ნაცვლად. ჩემ შვილს თავი გაკვეთილი ჰქონდა, ამოღებული იყო ყველაფერი, გულ-მკერდი გაჭრილი ჰქონდა, გაკერილი იყო თეთრი თოკით. ცარიელი „ფუტლარი“ მომიყვანეს. სააკაშვილის გუნდმა, ჯალათებმა გამიპარტახეს ოჯახი“, – განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.