შეერთებულმა შტატებმა „დიდი შვიდეულის“ მოკავშირეებს აცნობა, რომ მხარს არ დაუჭერს განცხადებას, რომელიც გმობს 13 აპრილს სუმზე რუსეთის თავდასხმას, რადგან მას მოსკოვთან მოლაპარაკებების გაგრძელება სურს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
წყაროების ცნობით, თეთრ სახლსა და კრემლს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უთხრა მოკავშირეებს, რომ „მუშაობს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სივრცის შესანარჩუნებლად“.
კანადა, რომელიც წელს G7-ს თავმჯდომარეობს, ბლოკის სხვა წევრებს განუცხადა, რომ განცხადება აშშ-ს თანხმობის გარეშე ვერ გაკეთდება.
G7-ის ოფიციალური პირები გეგმავდნენ განცხადებაში ხაზგასმით აღენიშნათ, რომ სუმის თავდასხმა წარმოადგენს მტკიცებულებას რუსეთის მიერ ომის გაგრძელების სურვილის შესახებ.
შეგახსენებთ, რუსეთმა სუმზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა 13 აპრილს განახორციელა. დაიღუპა 35 და დაშავდა 117 ადამიანი.