დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელესნსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა "ნატო-ში გაწევრიანების შეუქცევად გზაზეა". ამის შესახებ წერს გამოცემა Financial Times.
ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში სტარმერმა თქვა, რომ კიევის ალიანსში გაწევრიანებაზე მოკავშირეები შეთანხმდნენ გასულ წელს ვაშინგტონის სამიტზე.
სტარმერის თქმით, ბრიტანეთი იდეის ერთგული რჩება.
ამასთან, სტარმერმა ზელენსკის უთხრა, რომ "უკრაინის ურყევ მხარდაჭერას მანამ გააგრძელებს, სანამ ეს საჭიროა" და დაამატა, რომ "უკრაინა უსაფრთხოების უფრო ძლიერ გარანტიებს, შემდგომ სამხედრო დახმარებასა და სუვერენულ მომავალს საჭიროებს და შეუძლია, [ამ ტიპის მხარდაჭერის გაზრდის მხრივ] დიდ ბრიტანეთს ენდოს.
Financial Times-ის ცნობით, უკრაინის და დიდი ბრიტანეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ახლო კონტაქტს შეინარჩუნებენ.
მანამდე, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა,რომ აშშ-ს "არ ჰგონია, რომ უკრაინისთვის ნატო-ს წევრობა იქნება მოლაპარაკებით მიღწეული გარიგების რეალისტური შედეგი". თუმცა ჰეგსეთმა ამის შემდეგ თქვა, რომ მისი წინა განცხადებები უკრაინის ნატო-ში არარეალური გაწევრიანების შესახებ არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა სამომავლოდ ალიანსში გაწევრიანებას ვერ შეძლებს.