ოფიციალური თბილისის მტკიცებით, ბელორუსისა და ევროპის რიგ სახელმწიფოს შორის დამოკიდებულების გარკვეულწილად გაციება, მინსკისა და თბილისის ურთიერთობებს არ ეხება.
"ბელორუსის ხელისუფლების დამოკიდებულება სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში, მთლიანად მათი სუვერენული უფლებაა. ეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება საქართველოსა და ბელორუსს შორის ურთიერთობას. ჩვენ ამაში გასული წლების განმავლობაშიც დავრწმუნდით და ვრწმუნდებით დღითიდღე, რადგან ჩვენს შორის კავშირები უფრო მჭიდრო ხდება", - განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
ამასთან, აღნიშნულ კონტექსტში ის დარწმუნებულია, რომ ოფიციალური მინსკი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას არ დაუშვებს.
"განურჩევლად იმისა, როგორი დამოკიდებულება ექნება ბელორუსის მიმართ დანარჩენ სამყაროს, ერთი წუთითაც არ გვეპარება ეჭვი იმაში, რომ ბელორუსი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს არ დააყენებს", - განმარტა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მინსკსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის დათბობა, ამის პარალელურად კი მინსკში ბოლო დროს მომხდარი არეულობის გამო, ბელორუსსა და დასავლეთს შორის დამოკიდებულების დაძაბვა მოხდა.