დღეს ევროკავშირის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო უმძიმესი, უმწვავესი რეზოლუცია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, ეს არის რეზოლუცია, რომლის მსგავსი სიმწვავის გადაწყვეტილებები დღემდე არ გვინახავს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული რეზოლუცია „არის შედეგი ძირგამომთხრელი საქმიანობის, რომელსაც ეწევა „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ“.
„ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დესტრუქციული, დამანგრეველი მოქმედებების შედეგი. ევროპარლამენტი ყველა მის წევრ ქვეყანას მოუწოდებს, არ აღიაროს დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება, მას უწოდებს თვითმარქვია ხელისუფლებას, თვითდანიშნულ თანამდებობის პირებს. მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ორმხრივ საფუძველზე გამოიყენოს ყველა შესაძლო სასანქციო მექანიზმი და იწონებს ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის და ჩეხეთის მიერ მიღებულ ორმხრივ სანქციებს და, ამავდროულად, საუბარია იმაზე, რაც ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ის უდიდესი სიკეთეებია, რომლებიც ქართველმა ხალხმა მოიპოვა თავისი შრომის, სისხლის ფასად – ევროკავშირთან დაახლოება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო გადაადგილების საშუალება. ყველაფერი ეს „ქართულმა ოცნებამ“ დააყენა საფრთხის ქვეშ და სწორედ ესაა ასახული რეზოლუციაში. თუ ივანიშვილი არ დანიშნავს ახალ არჩევნებს, არ იქნება შეთანხმება, რომ ეს არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მაშინ ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ განიხილოს იმ უდიდესი სიკეთეების გაუქმება, რომლებიც ჩვენი ხალხისთვის ასეთი სანუკვარი იყო. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ, შეასრულოს ამ რეზოლუციით გათვალისწინებული მოთხოვნა, დაინიშნოს ახალი არჩევნები. ყველას უნდა ესმოდეს, მათ შორის „ქართული ოცნების“ იმ მხარდამჭერებს, რომლებიც აფინანსებენ მათ რეპრესიულ რეჟიმს და თანამონაწილეები არიან იმ რეპრესიების, რომელიც ხორციელდება ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომ მათ ემუქრებათ სანქციები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“.