საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ევროსაბჭოს რუსეთის მიმართ იძულების მექანიზმებიც გააჩნია.
"ნაწილობრივ გამართლებულია საზოგადოებრივი სკეპტიციზმი იმის თაობაზე, რომ ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების რუსეთის მიერ შესრულებასთან დაკავშირებით წინსვლა არ ფიქსირდება. ჩვენ შესაბამისი პროტესტი რამდეჯერმე გამოვთქვით, მათ შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზეც, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოწოდებები და შემდგომი ერთობლივი ქმედებები, მიუხედავად ყველაფრისა, წარმატებამდე მიგვიყვანს. თუმცა, რა თქმა უნდა, მთელი რიგი ტექნიკური და სამართლებრივი ბერკეტი არსებობს ევროსაბჭოს მიერ რუსეთის იძულების თვალსაზრისით და სხვა ქვეყნების მაგალითზე ყოფილა კიდეც პრაქტიკა, როცა ეს ბერკეტები ამოქმედებულა", - განუცხადა კანადაძემ ჟურნალისტებს სტრასბურგში დღეს დაგეგმილ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე კომენტირებისას.
ამასთან, კალანდაძის განმარტებით, ამ ეტაპზე ქართული მხარე საკუთარ თავს თავად არ მისცემს უფლებას ევროსაბჭოს რომელიმე იძულებითი მექანიზმის ამოქმედებისკენ მოუწოდოს და ისევ მოსკოვის მხრიდან კეთილგონიერების გამოჩენის იმედს იტოვებს.
"ჩვენ საკუთარ თავს არ მივცემთ უფლებას ევროსაბჭოს მოვუწოდოთ რომელი ბერკეტი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ მის მიერ დადგენილი ვალდებულებების შესრულება მოხდეს. ჩვენ ჯერ კიდევ კეთილგონიერების და იმის იმედი გვაქვს, რომ ევროსაბჭოს წერილობითი და ვერბალური მოწოდებებით მოხდება შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება და რუსეთის მიერ მიღებული იმ უკანონო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, რომლებიც საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს", - განმარტავს კალანდაძე.
აღნიშნულ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისიც აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღეს დაგეგმილ სესიაზე ქართული მხარე სწორედ მოსკოვის მიერ ორგანიზაციის რეზოლუციებით აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხს დააყენებს.
"საქართველო სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ევროსაბჭოს პრინციპებს და იმ ვალდებულებებს, რომელიც ორგანიზაციამ ჩვენ ქვეყანას დააკისრა და ვცდილობთ ისინი ზედმიწევნით კარგად შევასრულოთ. შესაბამისად, ადექვატურად მოვითხოვთ ასეთივე მიდგომას იმ პრინციპებისადმი, რომელიც ორგანიზაციიის წევრი სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვანია", - დასძინა საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ.