საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ფარგლებში, ტრეინინგ ცენტრი გაიხსნა.
სასწავლო ინფრასტრუქტურა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ და ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის ოფიცერმა დევიდ ჯონსონმა გახსნეს. ცერემონიას გაერთიანებული სამეფოსა და ლატვიის ელჩები დაესწრნენ.
პირველი ღონისძიება, რომელიც ცენტრში გაიმართა თავდაცვისა და სამხედრო სფეროში მედიის ჩართულობისა და გამჭვირვალობის გაზრდის შესახებ სემინარია. სემინარი ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში მოეწყო. სემინარზე აქცენტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე და კრიზისულ სიტუაციებში მედიის როლსა და ფუნქციებზე გაკეთდა. პარტნიორი ქვეყნებისა და ადგილობრივ საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურების წარმომადგენლებმა მოხსენებები სამ ძირითად საკითხზე - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქცია, მედია-გამჭვირვალობა და ტრანსფარენტულობა კრიზისებისა და კონფლიქტების დროს წაიკითხეს.
კონფერენცია ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის ოფიცერმა დევიდ ჯონსონმა და ლატვიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა კასპარს ოდინსმა გახსნეს. შეხვედრაში მონაწილეობა პარტნიორი ქვეყნებისა და ადგილობრივ საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურების, სამხედრო, სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა მიიღეს.