საქართველოს კანონმდებლობა პუტინის რუსეთსა და ლუკაშენკოს რეჟიმზე უფრო რადიკალური და მკაცრი გახდა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ, ახალ, გამკაცრებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და რეპრესიულ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.
„საქართველოს კანონმდებლობა პუტინის რუსეთსა და ლუკაშენკოს რეჟიმზე უფრო რადიკალური და მკაცრი გახდა. ეს ყველაფერი რეჟიმის ბოლო ამოსუნთქვაა, რომელიც ცდილობს, რეპრესიებით საკუთარი თავი გადაირჩინოს. ამათი ყალბი, მკაცრი სასჯელებისა თუ რაღაც კანონების არავის ეშინია. ეს სასაცილოა მაშინ, როცა მეორე მხარეს, საპირწონედ საქართველოს თავისუფლება და ევროპული მომავალი დგას“, - თქვა კუპრაძემ.
3 თებერვალს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგისას განაცხადა, რომ გაიზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები და პატიმრობის ვადა 60 დღემდე - ასევე, სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისა და საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისივე განცხადებით, "ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით" სისხლის სამართლის კოდექსშიც შედის ცვლილებები.