კრემლი სიახლეს ვერაფერს ხედავს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარაში, რომ თუ მოსკოვი მალე არ დადებს სამშვიდობო შეთანხმებას კიევთან, რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„აქ რაიმე სახის განსაკუთრებულ ახალ ელემენტებს ვერ ვხედავთ. მოგეხსენებათ, რომ ტრამპი, პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ყველაზე ხშირად მიმართავდა სანქციების მეთოდებს. მას მოსწონს ეს მეთოდები. ყოველ შემთხვევაში მოსწონდა პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს“, - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა მორიგ ჯერზე გაიმეორა, რომ მოსკოვი მზად არის ვაშინგტონთან თანაბარი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგისთვის და განაცხადა, რომ ჯერჯერობით არანაირი სიგნალი არ მიუღიათ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 იანვარს, დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ მძიმე ეკონომიკურ ზომებს მიიღებს, თუ პრეზიდენტი პუტინი სწრაფად არ დაასრულებს "აბსურდულ ომს" უკრაინაში.