ENG / RUS       12+

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვის მთავარი გზავნილები

შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება. ამის შესახებ მან კაპიტოლიუმში, თავის საინაუგურაციო სიტყვაში განაცხადა. 

ტრამპის თქმით, იგი ამერიკას პირველ ადგილზე დააყენებს. 

გამოსვლის დასაწყისში მან მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტებს, მათ შორის ჯო ბაიდენს, რომლებიც ინაუგურაციას ესწრებოდნენ.

"დღეიდან ჩვენი ქვეყანა კვლავ დაიწყებს აყვავებას და იგი იქნება პატივცემული მთელი მსოფლიოს მიერ. ჩვენი ყველა ერს შეშურდება და ჩვენ აღარასდროს დავუშვებთ, რომ გამოგვიყენონ", - თქვა ტრამპმა.

პრეზიდენტ ტრამპის თქმით, დაასრულებს იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიზირებას. 

"მართლმსაჯულების სასწორი დაბალანსდება. იუსტიციის დეპარტამენტისა და მთავრობის სასტიკი, ძალადობრივი და უსამართლო პოლიტიზირება დასრულდება“, - განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტი ტრამპი ირწმუნება, რომ "ამერიკის უკუსვლა დასრულდა" და ცვლილებები ძალიან სწრაფად დასრულდება. 

მან მკარცად გააკრიტიკა ამერიკის განათლებისა და ჯანდაცვის სისტემა.

"დღეიდან ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვლება. მე აღმოვფხვრი საშინელ ღალატს და დავუბრუნებ ხალხს რწმენას, კეთილდღეობას, დემოკრატიას და ნამდვილ თავისუფლებას. ამ მომენტიდან ამერიკის უკუსვლა დასრულდა", - თქვა მან.

საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-ის 46-ე პრეზიდეტი ჯო ბაიდენი გააკრიტიკა "შინ კრიზისის ვერმართის გამო".

ტრამპი ასევე შეეხო საიმიგრაციო პოლიტიკას და განაცხადა, რომ ბაიდენის მთავრობამ "ვერ დაიცვა ჩვენი ბრწყინვალე კანონმორჩილი მოქალაქეები, მაშინ როდესაც დაცვასა და თავშესაფარს სთავაზობდა საშიშ კრიმინალებს".

"ჩვენ გვყავდა მთავრობა, რომელმაც შეუზღუდავი დაფინანსება გასცა უცხო ქვეყნების საზღვრების დაცვისთვის, მაგრამ უარს თქვა ამერიკის საზღვრების დაცვაზე და რაც მთავარია, საკუთარი ხალხის დაცვაზე."

ტრამპი ასევე შეეხო ლოს ანჯელესში მძვინვარე ტყის ხანძრებს და განაცხადა, რომ მსგავსი რამის დაშვება გამორიცხულია.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2025 წლის 20 იანვარი "განთავისუფლების დღეა".

"იმედი მაქვს, ეს საპრეზიდენტო არჩევნები ყველას დაამახსოვრდება, როგორც ყველაზე დიდი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში", - თქვა მან.

პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პირველივე წუთებში თქვა, რომ იგი აცხადებს "ეროვნულ ენერგეტიკულ საგანგებო მდგომარეობას", რათა ხელი შეუწყოს ფასების შემცირებას". 

"ჩვენ გავაგრძელებთ ბურღვას", - თქვა მან და დასძინა, რომ მისი ადმინისტრაცია გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, პროდუქტების ღირბეულების შესამცირებლად.

მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს რამდენიმე აღმასრულებელი განკარგულებისთვის ხელის მოწერას. 

"დღეს მე მოვაწერ ხელს ისტორიულ აღმასრულებელ განკარგულებებს და ამ ქმედებებით ჩვენ დავიწყებთ ამერიკის სრულ აღდგენას“.

მან ასევე თქვა, რომ გეგმავს ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აშშ-ს სამხრეთ საზღვარზე.

ტრამპმა ამერიკის სავაჭრო სისტემაზეც ისაუბრა და პირობა დადო რომ დაიწყებს მის "კაპიტალურ რემონტს", რათა "დაიცვას ამერიკელი მუშები და მათი ოჯახები".

"ჩვენ დავაწესებთ ტარიფებს და დავბეგრავთ უცხო ქვეყნების ჩვენი მოქალაქეების გასამდიდრებლად", - თქვა მან და დასძინა, რომ აფუძნებს საგარეო შემოსავლების სამსახურს, რათა "აკრიფოს ტარიფები, გადასახადები და შემოსავლები".

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს მექსიკის ყურეს სახელი შეუცვალოს და მას ამერიკის ყურე დაარქვას. 

"ამერიკა დაიბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს, როგორც უდიდესი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე პატივსაცემი ერი დედამიწაზე. ჩვენ ვაპირებთ შევცვალოთ მექსიკის ყურის სახელწოდება ამერიკის ყურედ".

პრეზიდენტი ტრამპი პანამის არხის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, პანამამ დაარღვია ხელშეკრულება, რომელსაც პანამის არხის ნეიტრალიტეტი უნდა უზრუნველეყო.

"ამერიკულ ხომალდებს სასტიკად და უსამართლოდ ექცევიან. ჩინეთი მართავს პანამის არხს. ჩვენ ის ჩინეთისთვის არ მიგვცია, პანამას მივეცით, ამიტომ ჩვენ მას უკან მივიღებთ". 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის დროს პირობა დადო, რომ პლანეტა მარსის გამოკვლევისკენ სწრაფ ნაბიჯებს გადადგამს. მისი თქმით, განზრახული აქვს, გაგზავნოს ასტრონავტები, რათა "მარსზე ამერიკის დროშა აღმართონ".

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი თავის თავს განიხილავს, როგორც "მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი".

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შემოიღებს პოლიტიკას, რათა დაასრულოს მთავრობის მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიური პროგრამები.

"შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, მამრობითი და მდედრობითი".


დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. 

დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე და 47-ე პრეზიდენტია. იგი პრეზიდენტის თანამდებობას ერთი ვადის გამოტოვებით დაუბრუნდა, რაც ბოლოს აშშ-ში დაახლოებით 150 წლის წინ მოხდა. 

კაპიტოლიუმის შენობაში ფიცი ასევე დადო ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმაც.

78 წლის ტრამპი თეთრ სახლს შემდეგი 4 წლით დაიკავებს.

ცივი ამინდის გამო, ინაუგურაციის ცერემონია კაპიტოლიუმის გარე კიბეების ნაცვლად, შენობაში გაიმართა.