აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, თავისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის შეჯამებისას, ილაპარაკა რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ და გაიმეორა, რომ მოსკოვმა ვერ მიაღწია თავის „სტრატეგიულ მიზნებს“.
ბაიდენმა გაიხსენა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და თქვა, რომ მისი ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის მტრები დასუსტდნენ, მათ შორის რუსეთი.
„როდესაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში, იფიქრა, რომ რამდენიმე დღეში დაიკავებდა კიევს. რეალურად, ომის დაწყების შემდეგ კიევის ცენტრში მე ვიყავი და არა ის. პუტინმა ეს ვერ გააკეთა. ეს იყო ხანგრძლივი მატარებლით მგზავრობა! მაგრამ მე ვარ ერთადერთი (აშშ-ის) მთავარსარდალი, რომელიც ეწვია საბრძოლო ზონას, რომელსაც არ აკონტროლებენ აშშ-ის ჯარები", - თქვა ბაიდენმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები დაეხმარა უკრაინას და შეაჩერა პუტინი, ასე რომ, თითქმის სამი წლის განმავლობაში სრულმასშტაბიანი მან ვერ მიაღწია ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს.
„მან ამ დრომდე ვერ შეძლო უკრაინის დაპყრობა, მან ვერ შეძლო ნატო-ს ერთიანობის დარღვევა. ვერ მოახერხა მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავება“, - აღნიშნა ბაიდენმა.
მოგვიანებით მან დაასახელა ორი ამოცანა, რომელიც დასახული ჰქონდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ: მსოფლიოს გაერთიანება უკრაინის მხარდასაჭერად და „ომისაცილება ორ ბირთვულ ძალას შორის“.
„ჩვენ შევძელით ერთიც და მეორეც და დღეს უკრაინა კვლავ თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც აქვს ნათელი მომავლის პოტენციალი. ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი მომავალი ადმინისტრაციისათვის, რათა მათ შეძლონ უკრაინელი ხალხის ნათელი მომავლის დაცვა“, - განაცხადა ბაიდენმა.