აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟან-ნოელ ბაროსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრაზე მათ საქართველოს საკითხზეც იმსჯელეს
ენტონი ბლინკენი საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებების უგულებელყოფის გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს.
„საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ ამ საკითხზეც ვისაუბრეთ და რაც როგორც აშშ-მა და საფრანგეთმა ნახა, დემოკრატიული უკუსვლაა, რაც ღრმად შემაშფოთებელია. და არა მხოლოდ დემოკრატიული უკუსვლა, არამედ გადახვევა ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებისგან. მისწრაფება, რომ ააშენონ მომავალი, რომელიც უფრო და უფრო ახლოსაა ევროპასთან.
მას შემდეგ, რაც დემოკრატიული უკუსვლა დავინახეთ, მას შემდეგ, რაც დავინახეთ მთავრობა, რომელიც იმ ხალხის ცხადი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რომლის წარმოდგენაც სურს, მას შემდეგ, რაც დავინახეთ არჩევნები, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა, მას შემდეგ, რაც დავინახეთ მთავრობის რეპრესიული ქმედებები იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც თავისუფლად და ღიად საუბარი სურს - ჩვენ, ისევე როგორც ჩვენმა პარტნიორებმა, ქმედებები განვახორციელეთ.
ჩვენ სანქციები დავუწესეთ ქართული ოცნების პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, ისევე, როგორც მთავრობის სხვა წევრებს; ჩვენ შევაჩერეთ ამერიკული დახმარება საქართველოს მთავრობისთვის; ეუთო-ში თითქმის ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად მოქმედებით, მათ შორის, საფრანგეთთან ერთად, ავამოქმედეთ ვენის მექანიზმი ეუთო-ს მეშვეობით, რათა ცხადად გამოგვეხატა, რომ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, კანონპროექტი, რომელიც სიღრმისეულად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამოხატვისა და მოქმედების თავისუფლების სივრცეს, ეს უნდა შეიცვალოს.
ასე რომ, მგონი აშკარა ერთიანობას ხედავთ ჩვენი მიზნის მხრივ, როცა საქმე ეხება აშშ-ს, საფრანგეთს და მრავალ სხვა ქვეყანას, როდესაც საქართველოში მთავრობის სამწუხარო ქმედებების პირისპირ ვდგავართ“, - განაცხადა ბლინკენმა.