შეერთებულ შტატებში ორმა სიკვდილმისჯილმა, რომლებსაც ჯო ბაიდენმა სასიკვდილო განაჩენი უვადო თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა, უარი განაცხადეს შესაბამის დოკუმენტებზე ხელმოწერაზე. იუწყება NBC News.
პატიმრების ადვოკატებმა სარჩელი შეიტანეს ბაიდენის ბრძანების გაუქმების მოთხოვნით.
მსჯავრდებულები თავს უდანაშაულოებად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ სასჯელის შეცვლა უვადო თავისუფლების აღკვეთით, შეამცირებს მათი წარმატების შანსებს სააპელაციო საქმეში.
როგორც NBC News განმარტავს, სიკვდილმისჯილთა მიმართვები ყოველთვის უფრო ყურადღებით განიხილება მართლმსაჯულების შესაძლო შეცდომების გამო.
ამავდროულად, ტელეარხი აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, შესაძლებელია თუ არა უარი ითქვას სასიკვდილო განაჩენის შეცვლაზე და როგორი იქნება სასამართლო გადაწყვეტილება მსჯავრდებულთა სარჩელზე, ვინაიდან ამ საკითხზე პრეცედენტული პრაქტიკა „საკმაოდ ბუნდოვანია."
ჯერ კიდევ 1927 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პატიმრის თანხმობა აღსრულების შეწყვეტაზე ან სრულ შეწყალებაზე არ არის საჭირო.