ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა განქორწინების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რითაც დასრულდა ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და საკამათო განქორწინება.
ჯოლის ადვოკატმა ჯეიმს საიმონმა Associated Press-ს დაუდასტურა, რომ წყვილმა შეთანხმებას მიაღწია.
ჯოლისა და პიტს შორის მიღწეული შეთანხმება ახლა მოსამართლემ უნდა დაამტკიცოს.
49 წლის ჯოლი და 61 წლის პიტი 12 წლის განმავლობაში ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველზე პოპულარული წყვილი იყო. ოფიციალურ ქორწინებაში ისინი 2 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ ექვსი შვილი ჰყავთ.
ანჯელინა ჯოლიმ განქორწინება მოითხოვა 2016 წელს. ევროპიდან კერძო თვითმფრინავით ფრენის შემდეგ, მან განაცხადა, რომ მგზავრობისას ბრედ პიტი მასზე და შვილებზე ძალადობდა. FBI-მ და ლოს-ანჯელესის ოლქის ბავშვთა და საოჯახო სერვისების დეპარტამენტმა გამოიძიეს პიტის ქმედებები ფრენის დროს, მაგრამ დაადგინეს, რომ არანაირი ქმედება არ იყო საჭირო მის წინააღმდეგ.
2019 წელს მოსამართლემ ისინი განქორწინებულად გამოაცხადა, თუმცა გაგრძელდა დავა ქონების გაყოფისა და ბავშვების მეურვეობასთან დაკავშირებით.
ხანგრძლივი დავის განმავლობაში, წყვილის ექვსიდან ოთხმა შვილმა უკვე მიაღწია ზრდასრულობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთან დაკავშირებით მეურვეობის შეთანხმების მიღწევა აღარ გახდა საჭირო.
2017 წელს ჟურნალ GQ-თან ინტერვიუში პიტმა თქვა, რომ თვითმფრინავის ინციდენტისა მას ჰქონდა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემა, მაგრამ მას შემდეგ შეწყვიტა დალევა და გაიარა თერაპია. პიტმა ფრენის დროს თავისი საქციელს არ გაამართლა.