ბიძინა ივანიშვილი უკვე, ფაქტობრივად, სამი წელია, დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფება. ამაზე მას არაერთხელ განუცხადებია და ჩვენი გუნდის მხრიდანაც ყოფილა ძალიან ბევრი განცხადება ამასთან დაკავშირებით, როდესაც მას შეუჩერეს წვდომა 2 მილიარდ დოლარზე. ფაქტობრივად, მას ყველანაირი სასამართლო დავა აქვს მოგებული და ძალიან საეჭვოდ ემთხვევა, როდესაც ეს სანქციები ამ პერიოდს წამოეწია, რომ თითქოს, ამ სანქციების მეშვეობით მას ხელი შეეშლება უკვე იმ ფულის აღებაში, რომელზეც სასამართლომ დაადგინა, რომ ის ფული უნდა მიიღოს „კრედიტ სუისისგან“, - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
მაჭავარიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ არის დასანქცირებული იმისთვის, რომ იგი ინარჩუნებს მშვიდობას ქვეყანაში და ის არის მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი ქვეყანაში.
„ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ არის დასანქცირებული იმისთვის, რომ იგი ინარჩუნებს მშვიდობას ქვეყანაში, ანუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის მშვიდობის და სტაბილურობის მთავარი გარანტი ჩვენს ქვეყანაში. სხვათა შორის ძალიან ბევრ „ჰედლაინებს“ გადავაწყდი პრესაში, მათ შორის საერთაშორისო პრესაში, რომ თითქოს და ბიძინა ივანიშვილი იმიტომ არის დასანქცირებული, რომ იგი რაღაცა რუსულ გავლენებს ატარებს საქართველოში, მოდით ერთმა პოლიტიკოსმა, ჟურნალისტმა, თუ ჩვენმა ოპონენტმა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ერთი მაგალითი მაინც მოგვიყვანოს ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში ან ზოგადად „ქართული ოცნების“ შემთხვევაში რა გავაკეთეთ, ან რა გააკეთა ბატონმა ბიძინამ რუსული საქმე, ან რით გავზარდეთ, ან გაზარდა ბიძინა ივანიშვილმა რუსული გავლენები საქართველოში, ერთი მაგალითი მოგვიყვანონ ამასთან დაკავშირებით, ფიზიკურად ვერ მოიყვანენ და ჩვენს საზოგადოებას შევახსენებ, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რაც ვერ გააკეთა ჩვენმა ოპოზიციამ, ჩვენ სტრასბურგშიც მოვუგეთ სასამართლო პროცესი, ჰააგაშიც მოვუგეთ სასამართლო პროცესი და სწორედ ჩვენი ძალისხმევის შედეგად რუსეთს დაერქვა ოკუპანტი და ყველანაირი საფრთხეები და ის ბრალდებები შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩვენი გმირი სამხედროებისთვის, რომ თითქოს ჩვენმა სამხედროებმა დაიწყეს საომარი მოქმედებები და ჩაიდინეს ომის დანაშაულები, აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენ გადავაზღვიეთ და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ მოვიგეთ ეს პროცესები“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.