BBC-მ ჩემ მიერ წარმოებული სასამართლო დავის შედეგად, ყველა თავისი პლატფორმიდან გაიხმო, ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები, სტატია თუ სხვა მასალა, რითაც დასრულდა თითქმის ორწლიანი ე.წ. „ბიბისის“ ცილისწამებასთან დაკავშირებული პროცესი, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ტელეკომპანია BBC-მ, ჩემს მიერ წარმოებული სასამართლო დავის შედეგად, ყველა თავისი პლატფორმიდან გაიხმო, ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები, სტატია თუ სხვა მასალა, რითაც დასრულდა თითქმის ორწლიანი ე.წ. „ბიბისის“ ცილისწამებასთან დაკავშირებული პროცესი, რითაც ფაქტობრივად დადასტურდა რომ გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას ჩემი მისამართით.
BBC-მ ასევე ვალდებულება აიღო, რომ არც მომავალში დაუბრუნდება ჩემს მიმართ მათ პლატფორმებზე გასული ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას.
„ბიბისი“ ამინაზღაურებს ჩემს სარჩელთან დაკავშირებულ ყველა იურიდიულ ხარჯს.
სასამართლოსთვის მომზადებული ყველა მასალა, აუდირებული ანგარიშები, თუ იურიდიული და საკონსულტაციო კომპანიების მომზადებული ანგარიშები, ცალსახად და არაერთგვაროვნად, აჩვენებს რომ ბრალდება იმის თაობაზე, თითქოს შესაძლოა ვსარგებლობდე რაიმე ტიპის უკანონო შემოსავლით, სრული სიცრუეა. ხოლო საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემ წინააღმდეგ აგორებული შემდგომი კამპანიაც, ქართული საზოგადოების და საერთაშორისო მეგობრების სიცრუეში შეყვანას ისახავდა მიზნად.
ამას საქართველოს გარეთ ჩატარებული სხვა სასამართლო პროცესების შედეგებიც ადასტურებს.
ქართული ოცნების ყველა მსგავსი კამპანია სასამართლოებმა ან ადამიანის უფლების უხეშ დარღვევად (2024 წლის ე.წ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება) ან პოლიტიკურ დევნად შეაფასეს (საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოების გადაწყვეტილებები).
მადლობა მინდა გადავუხადო იურიდიულ გუნდს, რომელმაც ბევრი იშრომა, რათა ჩემი სიმართლე დამტკიცებულიყო“,- წერს კეზრეაშვილი სოციალურ ქსელში.
2023 წლის 12 აპრილს ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გლობალურ სქემაზე საუბრობს, რომელიც, მათი თქმით, ევროპის მოსახლეობის ძარცვას უკავშირდება. გამოცემამ ამ სქემის ერთ-ერთ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი დაასახელა.