“ჩვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს არ დაკარგავს და რუსეთის ნაწილი არასდროს გახდება. საზოგადოების პასუხი მკაფიოა.” - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გიგი წერეთელმა
“ხელისუფლებამ კითხვები აღარ დატოვა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით. ოთხი წლით ამ პროცესის შეჩერება, რეალურად ნიშნავს დასრულებას არსებული პერსპექტივის “ოცნების” მმართველობის პირობებში. იზოლაციის ხარისხი უკვე ძალიან მაღალია და ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესშია, მხოლოდ რუსეთის ინტერესშია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა, არჩევნების მიტაცება, დასავლეთთან დაპირისპირება, ეკონომიური და პოლიტიკური კრიზისი. კრემლში კმაყოფილებას ვერ მალავენ და პუტინის განცხადებაც ამას ადასტურებს.
ამავდროულად ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, კარგად აცნობიერებს ამ არაკონსტიტუციური და უკიდურესად საზიანო გადაწყვეტილებების შესაძლო შედეგებს და ამიტომაც ვხედავთ მძაფრ პროტესტს თბილისში და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც.
ვხედავთ ხელისუფლების რეაქციას და სასტიკ მოპყრობას მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მაგრამ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების დაშინება და გაჩუმება ასე არ მოხდება. საქართველოს ადგილი ევროპაშია, ცივილიზებული ქვეყნების რიგში. ჩვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს არ დაკარგავს და რუსეთის ნაწილი არასდროს გახდება.” - განაცხადა გიგი წერეთელმა.