აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს.
კირბის თქმით, აშშ-მა „მართლაც შეცვალა მითითებები“ ATACMS-ის რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით და ახლა უკრაინელებს შეუძლიათ, „მათი გამოყენება კონკრეტული ტიპის სამიზნეების წინააღმდეგ“.
„ახლა მათ შეუძლიათ ATACMS-ის გამოყენება თავდაცვისთვის დაუყოვნებელი საჭიროების შემთხვევაში. როგორც ვხედავთ, ეს ხდება კურსკის ოლქში“, – განაცხადა კირბიმ.
კირბის სიტყვები გახდა პირველი ოფიციალური დადასტურება იმისა, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა რუსეთის ტერიტორაიზე ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე. გასულ კვირას რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქში ATACMS-ის პირველი გამოყენების შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია გახდა ცნობილი.