ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ ლიდერების წინააღმდეგ გაცემული დაკავების ორდერები სავალდებულოაევროკავშირის ქვეყნებისთვის.
ბორელის თქმით, ICC-ის გადაწყვეტილება არ არის პოლიტიკური, ეს არის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს გადაწყვეტილებებს პატივი უნდა სცენ და შეასრულონ.
მისივე თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება "სავალდებულოა" და ევროკავშირის ყველა ქვეყანა, რადგან ისინი არიან ICC-ის წევრები, "ვალდებულნი არიან მიიღონ ეს სასამართლო გადაწყვეტილება".
ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მთავრობებს არ შეუძლიათ თავად აირჩიონ, დაემორჩილებიან თუ არა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ ლიდერების წინააღმდეგ გაცემულ დაკავების ორდერებს.
„ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს რომის სტატუტს, ვალდებულნი არიან, შეასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება. ამას ვერ აირჩევენ“, – განაცხადა ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ გამოუვლენია მსგავსი გაუბედაობა, როდესაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ბორელმა ასევე თქვა, რომ "ტრაგედია ღაზაში უნდა შეწყდეს" და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გადადგას ნაბიჯი ღაზის სექტორში "აპოკალიფსური" სიტუაციის დასაპირისპირებლად.
ჰააგის სასამართლოს მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის დაკავების ორდერების გაცემას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. უნგრეთში განაცხადეს, რომ ისრაელის პრემიერს მიწვევა გაუგზავნეს, ხოლო საფრანგეთმა და გერმანიამ ნათლად არ თქვეს, დააკავებენ თუ არა ისრაელის პრემიერს.