ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია და ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი "თანამდებობებს" ტოვებენ. ამის შესახებ ნათქვამია ოქმში, რომელიც აფხაზეთის "ოპოზიციასა" და ე.წ. ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების შედეგად გაფორმდა.
"უახლოეს რამდენიმე წუთში ბჟანია ხელს მოაწერს გადადგომის დოკუმენტს", - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა „ლიდერმა“ ადგურ არძინბამ.
მისი თქმით, "თანამდებობას ასევე ტოვებენ პრემიერ-მინისტრი ანქვაბი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დიმიტრი დბარი".
მისივე თქმით, "პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა, ხოლო პრემიერ-მინისტრის მოვალეობას - ვალერი ბგანბა".
15 ნოემბერს, სოხუმში საპროტესტო მღელვარება დაიწყო რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის "საინვესტიოციო შეთანხმების" წინააღმდეგ. პროტესტის მონაწილეებმა "სამთავრობო" შენობების კომპლექსის ღობის ნაწილი გაანგრიეს და "პარლამენტის" შენობის მიმდებარე ტერიტორია, შემდეგ კი "პარლამენტისა" და "პრეზიდენტის ადმინისტრაციის" შენობები დაიკავეს.
პროტესტის ფონზე ე.წ. პარლამენტმა გააუქმა სხდომა, რომელზეც მოსკოვთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებაზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო. პარალელურად, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კანონპროექტს "პარლამენტიდან" გაიწვევდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს დაპირება არ შესრულდა.
მოგვიანებით, ბჟანიამ სოხუმი დატოვა და თავის მშობლიურ სოფელ ტამიშში გაემგზავრა.