დღეს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც გაერთიანების წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ გამართავენ მსჯელობას.
სხდომის დაწყებამდე, მედიასთან კომენტარი გააკეთა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა.
ბორელის განცხადებით, ამ სხდომაზე ის გამოვა ინიციატივით, შეწყდეს დაფინანსების პროგრამების ნაწილი და მთავრობის დაფინანსებისთვის გათვალისწინებული 100 მილიონ ევროზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაციებს მიეწოდოს.
"ჩემი ინიციატივაა, რომ შევწყვიტოთ მნიშვნელოვანი პროგრამების ნაწილის მხარდაჭერა, რაც მიდის მთავრობასთან. საუბარია 100 მილიონ ევროზე მეტზე, რომელიც გაიყინება და ნაცვლად მთავრობისა, ჩვენ დავეხმარებით სამოქალაქო სექტორს. ჩვენ ავიღებთ ამ ფულს და გადავცემთ მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ბრძოლაში სამართლიანი არჩევნებისთვის“, - განაცხადა ბორელმა.
ამასთან, ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ევროკავშირი კი განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას.
"ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, ვიდრე საქართველოს მთავრობა არ დაუბრუნდება უკან ევროკავშირის გზას", - დასძინა ბორელმა.
შეგახსენებთ, დღს ცნობილი გახდა, რომ ოთხმა ოპოზიციური პარტიამ ბორელსა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი წერილით მიმართა.