საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინას მეტი საჰერო თავდაცვა სჭირდება.
ბორელი რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმებს გამოეხმაურა.
„რუსეთმა დღეს მასიური თავდასხმა განახორციელა რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით, რითიც ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას მთელ უკრაინაში და ზამთრის წინ უმიზნებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის, ბირთვულ ობიექტებსაც. უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა ახლავე. ეს არის პრიორიტეტი, რომელსაც წარვუდგენ მინისტრებს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე“, – დაწერა ბორელმა სოციალურ ქსელში.
რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. დაღუპულია, სულ მცირე, 10 ადამიანი.