ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანიას განცხადებით, მზადაა, რომ "თანამდებობა" დატოვოს.
"ეხო კავკაზას" ინფორმაციით, ბჟანიამ აღნიშნულთან დაკავშირებით, სოფელ ტამიშში შეკრებილ მხარდაჭერებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, ბჟანიას თქმით, იგი მონაწილეობას მიიღებს ახალ "საპრეზიდენტო არჩევნებში".
"აფხაზეთის ლეგიტიმური პრეზიდენტი აფხაზეთის ტერიტორიაზეა. 2014 წლის სცენარი არ განმეორდება. პარლამენტის წევრებზე არის უზარმაზარი ზეწოლა, რათა პარლამენტმა მიიღოს უკანონო გადაწყვეტილება პრეზიდენტის გადაყენების შესახებ. ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული და რომც მიიღონ არ აღსრულდება... თუ ჩვენ არ დავიცავთ კონსტიტუციას, ჩვენი სახელმწიფო ამას ვერ გაუძლებს. მათ, ვინც დაიკავა სამთავრობო შენობები, მათ, ვინც სცადა სახელმწიფო გადატრიალება, უნდა გაათავისუფლონ შენობები, რის შემდეგაც მე მზად ვარ, დავნიშნო არჩევნები, გადავდგე და მივიღო მონაწილეობა არჩევნებში. ამ პერიოდში ქვეყანას ვიცე-პრეზიდენტი ჩაუდგება სათავეში", - განაცხადა ბჟანიამ.
15 ნოემბერს, სოხუმში საპროტესტო მღელვარება დაიწყო რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „"საინვესტიოციო შეთანხმების" წინააღმდეგ. პროტესტის მონაწილეებმა "სამთავრობო" შენობების კომპლექსის ღობის ნაწილი გაანგრიეს და "პარლამენტის" შენობის მიმდებარე ტერიტორია, შემდეგ კი "პარლამენტისა" და "პრეზიდენტის ადმინისტრაციის" შენობები დაიკავეს.
პროტესტის ფონზე ე.წ. პარლამენტმა გააუქმა სხდომა, რომელზეც მოსკოვთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებაზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო. პარალელურად, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კანონპროექტს "პარლამენტიდან" გაიწვევდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს დაპირება არ შესრულდა.