პარიზის პროკურატურა, ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, "ეროვნული გაერთიანების" ლიდერ მარინ ლე პენისთვის 5-წლიან პატიმრობას ითხოვს, საიდანაც 3 წელი პირობითი პატიმრობა იქნება.
ამავდროულად, პროკურატურა მოითხოვს, ლე პენს 5 წლის ვადით აეკრძალოს სახელისუფლებო თანამდებობის დაკავება.
თუ სასამართლო დაეთანხმება ბრალდებას, მარინ ლე პენი ვერ შეძლებს 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
პროკურატურა ასევე მოითხოვს, ლე პენს დაეკისროს 3 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა. მანამდე მემარჯვენე პოლიტიკოსს უკვე მიესაჯა ევროპარლამენტისთვის 330 ათასი ევროს გადახდა.
პროკურატურის ბრალდებას გამოეხმაურა მარინ ლე პენი და განაცხადა, რომ "აბსოლუტურად არ მაქვს განცდა, რომ ჩავიდინე მცირედი დარღვევა ან ოდნავ უკანონო ქმედება მაინც".
"პროკურატურა ცდილობს, საფრანგეთის ხალხს წაართვას შესაძლებლობა, არჩევნებში მისცეს ხმა, ვისაც უნდა", - დასძინა ლე პენმა.
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, "ეროვნული გაერთიანების" ლიდერის მარინ ლე პენისა და მისი 20-ზე მეტი თანაპარტიელის წინააღმდეგ სასამართლო მოსმენა 30 სექტემბერს დაიწყო.
ლე პენს და მის თანაპარტიელებს ბრალად ედება ევროკავშირის სახსრების გაფლანგვა და თავიანთი პარტიის ფარულად დაფინანსება ევროპარლამენტის წევრების ასისტენტების ფიქტიური დაქირავებით. ამ ბრალდებით მაქსიმალური სასჯელი ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა. მთლიანი ზარალი თითქმის 7 მილიონ ევროს შეადგენს.
ბრალდების თანახმად, ევროპარლამენტის წევრების, პარტია "ეროვნული გაერთიანებიდან", თანაშემწეებად დაქირავებული ადამიანები რეალურად მუშაობდნენ არა ევროპარლამენტში ან ევროკავშირის სხვა ორგანოში, არამედ პირადად ლე პენისთვის ან მისი პარტიისთვის. ეს მავნე პრაქტიკა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც პარტიას მარინ ლე პენის მამა, ჟან მარი ლე პენი ლიდერობდა.