თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პირადად ესაუბრა და სატელეფონო დიალოგისას ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს.
„მქონდა სატელეფონო დიალოგი დონალდ ტრამპთან. მივულოცე ისტორიული გამარჯვება არჩევნებში და ყურადღება გავამახვილეთ ღაზასა და ლიბანში მიმდინარე სისხლისღვრაზე. ჩვენ ველოდებით, რომ ჩემი მეგობარი ტრამპი თავის მეორე ვადის განმავლობაში უარს იტყვის ძველი ადმინისტრაციის არასწორ პოლიტიკაზე. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი ომების დასრულების მხარეს დადგება“, – აღნიშნა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, როგორც ერდოღანმა ჟურნალისტებს განუცხდადა, უკრაინაში ომი შეიძლება „ადვილად დასრულდეს“, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ პრობლემის გადაჭრას შეეცდება.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნების ძალისხმევა, შეერთებული შტატების მეთაურობით, უკრაინაში ომის დასრულებისკენ, დააჩქარებს კონფლიქტის მოგვარებას.
„ჩვენ მარტივად შეგვიძლია დავასრულოთ ეს ომი, თუ დავინახავთ ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც საკითხს გადაჭრის პერსპექტივით მიუდგება. მეტი დიალოგი, დიპლომატია, შეთანხმებები მშვიდობას კარს გაუღებს და არა იარაღს, ბომბებს და კონფლიქტებს“, - განაცხადა ერდოღანმა.